ახალი ამბები

ფოთის პორტში ტვირთების გადაზიდვა ფერხდება?

03.03.2012

fotis porti

უკვე მეორე დღეა ფოთის პორტიდან ტვირთების გადაზიდვა ფერხდება, - ამის შესახებ „ლაივპრესს“ წყარომ შეატყობინა. „მეორე დღეა ტვირთს ველოდები. კონტეინერი, რომელშიც ამერიკიდან გამოგზავნილი ავტომანქანა დევს პორტიდან ვერ გამოაქვთ. მუშებმა აგვიხსენეს, რომ ამწე გაფუჭდა“, ამბობს წყარო. ვითარებაში გასარკვევად „ლაივპრესი“ ფოთის პორტის გენერალურ დირექტორს, ჯოზეფ ქროულის დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ, უარყო პორტში ტვირთების გადამუშავებაზე შეფერხება. ქროული ამბობს, რომ შეფერხებები ნამდვილად იყო იანვარში ამინდის გართულების გამო და გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად. თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეფერხებები გამორიცხულია. ამასთან, პორტის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მომავალში გარკვეული დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად, მიმდინარე წელს ფოთის პორტში ტექნიკური გადაიარაღება იგეგმება, რაშიც დამატებით 60 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

„ამ დღეებში შეფერხებები არ ყოფილა. ამინდის გაუარესების გამო იყო გარკვეული შეფერხებები იანვარში. მაშინ მოლოდინის პერიოდი არ აღემატებოდა 4 დღეზე მეტს. აქვე გასამახვილებელია ყურადღება იმაზე, რომ ძალიან იმატა ტვირთბრუნვამ, რამაც პირველ ორ თვეში, დაახლოებით 30% შეადგინა გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით. მანამდე შვიდი დღე იცდიდნენ გემები პორტში, რომ შემოსულიყვნენ. მაგრამ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ. კონტეინერების გადაზიდვის მხრივ, თებერვლის თვე ყველაზე წარმატებული იყო, ამ თვეს ყველაზე დიდი რაოდენობით მოხდა კონტეინერების გადაზიდვები ფოთის პორტის ისტორიაში“, - ამბობს ჯოზეფ ქროული.

 

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილა 60 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება, რათა პორტი მზად შეხვდეს იმ ტვირთის ნაკადს, რომლის მიღება მოხდება მომავალში. „შეკვეთილი გვაქვს ორი ამწე საშუალება, რომელიც ივნისში უკვე აქ იქნება. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ უფრო გაიზარდოს ტვირთბრუნვა და ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობაც შესაბამისობაში იყოს“, - განაცხადა ქროულიმ.

 

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 80% „მაერსკის“ შვილობილმა კომპანიამ „APM terminals“-მა, არაბული რაკიასგან 2011 წელს შეიძინა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 130-ზე მეტი საზღვაო პორტის მფლობელია.