ახალი ამბები

ლალი ანთია: „პრადოს“ კი არა თვითმფრინავს იმსახურებს ჩემი შვილი

04.01.2013

lali antia

ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ერთ –ერთ მოადგილედ გიზო სართანიას დანიშვნაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ალასანიას განცხადებას გიზო სართანიას დედა, ლალი ანთია გამოეხმაურა.

 

„ქართული ოცნების“ აქტივისტმა ლალი ანთიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ალასანიას განცხადება, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გიზო სართანიას მოადგილედ  დანიშვნა ლალი ანთიასთან შეთანხმებით მოხდა, საფუძველს მოკლებულია.

 

„როცა გიორგი ალასანია ამბობს, რომ ედიშერ თოლორაიას შეეშინდა, რომ მე მას კარებს ავუჭედავდი, არ მესმის როგორ უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც არ შეეფერება ჩემს ასაკს და ჩვენს ქალაქს. თავგასული ქალი კი არ ვარ. მე და ჩემი ოჯახი 9 წელი ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს. ჩვენ არასოდეს არ მოვხიბლურვართ სიმდიდრით, პრადოებით. სასაცილოა ახლა ალასანიას განცხადება, რომ ჩემი შვილი მანქანით და კაბინეტით მოიხიბლა. ისეთი ხალხი ითხოვს ზუგდიდში თანამდებობებს, გაგიკვირდებათ. როლანდ ახალაიას შტაბში რომ დარბოდნენ და გიზომ თუ მიიღო დამსახურებულად თანამდებობა, ამაში გასკვირი რა უნდა იყოს?! პრადოს კი არა, თვითმფრინავს იმსახურებს ჩემი შვილი“, – ამბობს ლალი  ანთია.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ დღეს, 4 იანვარს „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილედ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, გიზო სართანიას დანიშვნა პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ალასანიას განცხადებით, შეთანხმება იყო გიზო სართანიას დედას, ლალი ანთიას და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს შორის.

 

„ედიშერ თოლორაიას ეშინია ლალი ანთიასი, რადგან იცის, რომ პრობლემები შეექმნება მისი კაბინეტში არშეშვების ჩათვლით“, - უთხრა „ლაივპრესს“ ალასანიამ.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ ახალი მოადგილეები, მერაბ ქვარაია, გიორგი თოდუა, გიზო სართანია 3 იანვარს მას შემდეგ დანიშნა, რაც თანამდებობა დატოვა ყოფილი გამგებლის ორმა მოადგილემ, რუსლან კილასონიამ და დარეჯან გაბედავამ.

 

ედიშერ თოლორაია გამგებლის მოვალეობის შესრულებას 24 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ შეუდგა. ყოფილმა გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ თანამდებობა 18 დეკემბერს დატოვა.

 

ამავე თემაზე


ალასანია: ზუგდიდის გამგებლის ახალ მოადგილეებს მოუწევთ კაბინეტებიდან გამოსვლა [Audio]